საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 1474 ჰექტარი ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია განხორციელდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინვენტარიზებული ქარსაფარი ზოლები რამდენიმე ლოკაციაზე დაათვალიერა და კერძო საკუთრებაში მოქცეული ქარსაფრების მფლობელებს შეხვდა.

დღეის მდგომარეობით, დედოფლისწყაროში ინვენტარიზებული 1474 ჰექტარი ქარსაფრიდან, დაახლოებით 80% განადგურებულია. აღნიშნული ფართობიდან 79 ჰექტარი კერძო საკუთრებაშია მოქცეული. ქარების სიძლიერის მიხედვით, დედოფლისწყარო განეკუთვნება I ჯგუფის მუნიციპალიტეტს, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესებისგან მიწის რესურსების დასაცავად და მიწის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად ქარსაფრების დაცვა და მათი რეაბილიტაცია. 

ქარსაფრების აღდგენა/გაშენება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ  მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც ჩატარდა ინვენტარიზაცია. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქარსაფრებისთვის სტატუსის მინიჭებაზე კერძო მესაკუთრეებთან თანამშრომლობა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის 33 მესაკუთრესთან შეთანხმება უკვე არსებობს, მათ მფლობელობაში არსებული ქარსაფრების ფართობი ერთობლიობაში 11 ჰექტარს შეადგენს. 

საინვენტარიზაციო სამუშაოების ფარგლებში, მოხდა ქარსაფარი ზოლების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ინვენტარიზაციას დაექვემდებარა მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები და ის ტერიტორიებიც, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული ქარსაფრები, ასევე, მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს.   სააგენტო ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის პროგრამას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით, 2021 წლიდან ახორციელებს. საინვენტარიზაციო სამუშაოების გეგმის მიხედვით, 2023 წელს, ინვენტარიზაცია მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, ქარელის, კასპის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში; 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ინვენტარიზებულმა ფართობმა შეადგინა 2697 ჰა. 2021-2023 წლებში, საერთო ჯამში, ინვენტარიზებულია 3967 ჰექტარი ქარსაფარი, საიდანაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირებულია  1716 ჰა. სტატუსის მინიჭების პროცესი მიმდინარეობს.

ზევით ასქროლვა