საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრების მართვის გეგმების შემუშავება დაიწყო

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მონაწილეობა მიიღო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC - Caucasus) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტის მერის მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საპილოტედ შერჩეული სოფლების რწმუნებულები და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი სოფო ახობაძე ესწრებოდნენ. 

15 სოფლისთვის საძოვრების მართვის გეგმების მოსამზადებლად მუშაობა უკვე დაწყებულია. შეხვედრაზე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ჩასატარებელი ღონისძიებები განიხილეს; იმსჯელეს შეთავაზებული მოდელით საძოვრების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში სოფლის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე და მათი მხრიდან მზაობის თემაზე. აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის აგარის თემის მესაქონლე ფერმერებთანაც. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს სოფლის სიახლოვეს არსებული იმ საძოვრების იდენტიფიცირებას, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მოხდება საძოვრების შესწავლა და მათი გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განსაზღვრა.  სოფლის საძოვრების მართვის გეგმები გულისხმობს სოფლების დონეზე მოსარგებლეთა იდენტიფიცირებას, საძოვრებზე არსებული მდგომარეობის აღწერას, საძოვრების აღდგენის ღონისძიებების განსაზღვრას, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს როტაციული ძოვების დანერგვას, სარეველების  კონტროლს, ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და შეთესვითი სამუშაოების ჩატარებას,  პირუტყვის დარწყულების სისტემის შექმნას, საჩრდილობლების მოწყობას და სხვა. მართვის გეგმები შეჯერდება ადგილობრივ მოსახლეობასთან.   

ზევით ასქროლვა